სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი


სსიპ-გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი

თავი I. ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. სსიპ-გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის (შემდგომში - ,,უნივერსიტეტი“) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი (შემდგომში - ,,წესი“) შემუშავებულია „პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის N125/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების“, სსიპ-გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის დებულების და პროფესიული განათლების მარეგულირებელი სხვა აქტების საფუძველზე.
2. ამ წესის მიზანია განსაზღვროს უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებისა და დამტკიცების, პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი, სტუდენტის მიღწევების შეფასების ერთიანი პროცედურა, სტუდენტის უფლება-მოვალეობები და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

თავი II. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებისა და დამტკიცების წესი.

მუხლი 2. პროფესიულ სტანდარტის საფუძველზე შემუშავებული პროფესიული (საგნობრივი) საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება.

1. პროფესიული (საგნობრივი) საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება ხდება პროგრამის განმახორციელებელი პერსონალის მიერ, პროფესიული სტანდარტის საფუძველზე;
1.1. აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ პროფესიულ (საგნობრივ) საგანმანათლებლო პროგრამაში განსაზღვრულია:
1. პროგრამის დასახელება
2. პროგრამის მოცულობა და მისანიჭებელი კვალიფიკაცია
3. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
4. პროფესიული პროგრამის მიზანი
5. სწავლის შედეგი
6. სწავლის შედეგების რუქა
7. სასწავლო გეგმა
8. პროფესიული სტუდენტის სასწავლო საქმიანობა (დატვირთვა)
9. პროფესიული სტუდენტის მიღწევების შეფასება
10. სწავლების მეთოდები
11. ინფორმაცია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისათვის აუცილებელი ადამიანური რესურსის შესახებ
12. ინფორმაცია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისათვის აუცილებელი მატერიალური რესურსის შესახებ
2. საგანმანათლებლო პროგრამას ასევე უნდა ახლდეს სასწავლო კურსების/კომპონენტების პროგრამები (სილაბუსები);

მუხლი 3. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის/პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტის საფუძველზე შემუშავებული პროფესიული (მოდულური) საგანმანათლებლო პროგრამის ადაპტირება, დანერგვა, დამატება და მოდიფიცირება.

1. აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში განსაზღვრულია: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება, სარეგიტრაციო ნომერი, მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია, პროგრამის მიზანი, პროგრამაზე დაშვების წინაპირობა, კურსდამთავრებულთა დასაქმების შესაძლებლობები, სწავლის შედეგები, პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა, სტრუქტურა და მოდულები, სწავლის შედეგების მიღწევების დადასტურება და კრედიტის მინიჭება, პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭება, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების (სსსმ) და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პროფესიული სტუდენტების სწავლებისათვის. პროგრამას დანართების სახით ახლავს: პროგრამის სასწავლო გეგმა, პროგრამის განმახორციელებელი პერსონალი, მოდულები (ზოგადი, პროფესიული და/ან კონცენტრაციის მოდულები) და პროგრამის მატერიალური რესურსი სასწავლო გარემოს მიხედვით.
2. მოდული არის სწავლების დამოუკიდებელი, თანმიმდევრული ბლოკი, რომელიც ორიენტირებულია მისაღწევი სწავლის შედეგებზე. მოდულით განისაზღვრება სასწავლო თემატიკისა და მისაღწევი სწავლის შედეგების ურთიერთკავშირი და პროფესიული სტუდენტის სწავლებასა და შეფასების ორგანიზებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. მოდული წარმოადგენს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განუყოფელ ნაწილს და მტკიცდება პროგრამასთან ერთად. მოდულში ცვლილებები ხორციელდება შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
3. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგები შეესაბამება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტს/პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტს.
4. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ადაპტირებასა და დანერგვაში მონაწილეობენ პროფესიული მასწავლებლები და შესაბამისი პროგრამის ხელმძღვანელი კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერთან ერთად.
5. ადაპტირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას ამტკიცებს რექტორი ცენტრის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე.
6. პროფესიული განათლების ცენტრი (შემდგომში „ცენტრი“), ხელმძღვანელის საკუთარი ინიციატივით ან ხარისხის მართვის მენეჯერის რეკომენდაციის საფუძველზე მოთხოვნადი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების დამატებისა და დანერგვის მიზნით მიმართავს აკადემიურ საბჭოს, რომელიც თავის მხრივ ღებულობს გადაწყვეტილებას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისა და დანერგვის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე ცენტრის ხელმძღვანელი ავალებს ხარისხის მართვის მენეჯერს შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელთან და პროფესიულ მასწავლებლებთან ერთად მოახდინოს აღნიშნული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ადაპტირება და დანერგვა.
7. ადაპტირებულ პროფესიულ საგანმანთლებლო პროგრამასთან დაკავშირებით, ცენტრის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე გამოსცემს აკადემიური საბჭო იღებს დადგენილებას ზემოაღნიშნული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამტკიცების თაობაზე. ადაპტირებული და დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დანეგრვის უფლების მოპოვების მიზნით სასწავლო უნივერსიტეტი შესაბამის განაცხადს წარადგენს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.
8. მოდულის სტანდარტულ ჩანაწერში ცვლილებების განხორციელება არ შეიძლება. დახმარე ჩანაწერი არის სარეკომენდაციო ხასიათის და უფლებამოსილია მოახდინოს მისი ცვლილებები საჭიროების შემთხვევაში. თუ სტანდარტულ ჩანაწერში დაფიქსირებულია ხარვეზები, დაწესებულებამ აღნიშნულის შესახებ უნდა აცნობოს სსიპ- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.
9. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მოდიფიცირების შესახებ აკადემიური საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ცენტრის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე.
10. აკადემიური საბჭო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მოდიფიცირების შესახებ გამოსცემს დადგენილებას, რის საფუძველზეც ხორციელდება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმირება განხორციელებული ცვლილებების შესახებ.

თავი III. უნივერსიტეტის პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვება

მუხლი 4. პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვება

1. პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების პროცედურები რეგულირდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის N152/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულებით“.
2. უნივერსიტეტის რექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხასა და წარდგენის ვადებს.
3. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით აპლიკანტი ვალდებულია დადგენილ ვადაში უნივერსიტეტს წარუდგინოს ყველა სავალდებულო დოკუმენტი.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 2 დღისა, პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამაზე სწავლის დაწყებამდე, უნივერსიტეტის რექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით რიცხავს აპლიკანტს და აფორმებს მასთან ხელშეკრულებას (ხოლო იმ შემთხვევაში თუ აპლიკანტი შეზღუდულ ქმედუნარიანია მის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან) აპლიკანტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ.
5. რექტორის მიერ პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების შესახებ ბრძანების გამოცემიდან არაუგვიანეს 5 დღისა შესაბამისი მონაცემები უნდა აისახოს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში.
6. პირს ენიჭება პროფესიული სტუდენტის სტატუსი რექტორის მიერ პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების შესახებ ბრძანების გამოცემის, მასთან ხელშეკრულების გაფორმებისა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში ასახვის შემდეგ.

მუხლი 5. პროფესიული სტუდენტის პირადი საქმე

1. პროფესიული სტუდენტის პირადი საქმე მოიცავს:
ა) ჩარიცხვისას წარმოდგენილ ყველა დოკუმენტს;
ბ) ხელშეკრულებას;
გ) პროფესიული სტუდენტის სასწავლო ბარათს;
დ) პროფესიულ სტუდენტთან დაკავშირებით გამოცემული ყველა სამართლებრივი აქტის დამოწმებულ ამონაწერს ან დამოწმებულ ასლს;
ე) უნივერსიტეტის მიერ პროფესიულ სტუდენტზე გაცემული სერტიფიკატებისა და დიპლომების ასლებს;
ვ) სხვა დოკუმენტს ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით.
2. პროფესიული სტუდენტის პირად საქმეს და სასწავლო ბარათის შევსებას აწარმოებს პროფესიულ სტუდენტთა საქმის მწარმოებელი.
3. პროფესიული სტუდენტის პირადი საქმის შენახვისა და განკარგვის პირობები განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 6. უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხვა

1. პროფესიული სტუდენტის მობილობა არის პროფესიულ სტუდენტთა თავისუფალი გადაადგილება სწავლის პროცესში მონაწილეობის მისაღებად, რასაც თან სდევს სწავლის პერიოდში მიღებული განათლებისა და კრედიტების აღიარება.
2. მობილობის განხორციელება შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ უნივერსიტეტის პროფესიულ სტუდენტს სურს სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელება (შიდა მობილობა) ან სხვა დაწესებულებაში გადასვლა (გარე მობილობა);
ბ) თუ სხვა უნივერსიტეტის პროფესიულ სტუდენტს სურს გადმოსვლა უნივერსიტეტში არსებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.
3. მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, უნივერსიტეტის რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში.
4. მობილობის გამოცხადებასთან ერთად ვაკანტური ადგილები და წარმოსადგენი დოკუმენტაცია განისაზღვრება უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე გამოცემული უნივერსიტეტის რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
5. მობილობის მსურველის სტატუსს პროფესიული სტუდენტი მოიპოვებს უნივერსიტეტში რეგისტრაციის შედეგად. კერძოდ, განცხადებით მიმართავს უნივერსიტეტს კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის თაობაზე.
6. მობილობის უფლება აქვს ნებისმიერი პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, რომლის ჩარიცხვა განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით და მობილობის მომენტისათვის წარმოადგენს უნივერსიტეტის ან სხვა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმხორციელებელი დაწესებულების სტუდენტს.
7. მობილობის უფლება აქვს ასევე პირს, რომელსაც მობილობის მსურველად რეგისტრაციის მომენტისათვის შეჩერებული აქვს პროფესიული სტუდენტის სტატუსი, ასევე, პროფესიულ სტუდენტს, თუ დაწესებულებამ დაკარგა ავტორიზაცია ან აღარ ხორციელდება საგანმანათლებლო პროგრამა.
8. მობილობის დროს აღიარებას ექვემდებარება საგანმანათლებლო დაწესებულების იმ პროგრამის ფარგლებში მიღებული კრედიტები, რომელზე ჩარიცხვა და სწავლება განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9. მობილობით სტუდენტის ჩარიცხვა ფორმდება უნივერსიტეტის რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

უხლი 7. მობილობის მსურველი პროფესიული სტუდენტის მიღებული განათლების აღიარება

1. უნივერსიტეტი ადგენს მის საგანმანათლებლო პროგრამებთან, მობილობის მსურველი პირის მიერ სხვა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობას და იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი კრედიტების აღიარების შესახებ.
2. აღიარებას ექვემდებარება საგანმანათლებლო დაწესებულების იმ პროგრამის ფარგლებში მიღებული კრედიტები, რომელზე ჩარიცხვა და სწავლება განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. შინაარსობრივი შესწავლის შედეგად, შესაძლებელია დადგინდეს სტუდენტის მიერ გავლილი და უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსების შესაბამისობა, მათ სახელწოდებებში არსებული სხვაობის მიუხედავად.
4. უნივერსიტეტი უფლებამოსილია, გასაუბრების ან გამოცდის საფუძველზე დაადგინოს მობილობის მსურველი პირის პროფესიული განათლების შესაბამისი საფეხურისათვის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების შემოწმება და მათი საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადობა. თავსებადობის არარსებობა პირის მობილობით ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველია.
5. მობილობის მსურველთა განცხადებების განხილვისა და პროფესიული სტუდენტის მიერ სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარება ხორციელდება, უნივერსიტეტის რექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სპეციალური კომისიის მიერ. კომისიის შემადგენლობაში შედიან პირები, რომლებასც აქვთ სწავლის შედეგების თავსებადობის დადგენის კომპეტენცია.
6. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნივერსიტეტში მობილობის წესით პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვისა და განათლების აღიარების თაობაზე ფორმდება უნივერსიტეტის რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით.
7. პირის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება ხორციელდება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული განათლების აღიარებას მათი სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით, ახდენს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 8. პირის მიერ ფორმალური განათლების ფარგლებში მიღებული სწავლის შედეგების აღიარების პრინციპები

1. დასაშვებია მიღწეული სწავლის შედეგების აღიარება მოთხოვნილი პროგრამის მიზნებისათვის შემდეგ შემთხვევებში:
ა) სწავლის შედეგები ემთხვევა ერთმანეთს;
ბ) სწავლის შედეგების ფორმულირება განსხვავებულია, თუმცა შინაარსობრივად შეიძლება იდენტურად იქნეს მიჩნეული;
გ) მიღწეული სწავლის შედეგი მოიცავს მოთხოვნილი პროგრამის სწავლის შედეგს, ანუ ვერ იქნებოდა მიღწეული, ასაღიარებელი სწავლის შედეგის მიღწევის გარეშე;
2. სწავლის შედეგების შესაბამისი შესრულების კრიტერიუმებს შორის განსხვავება არ შეიძლება გახდეს სწავლის შედეგის აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი.

მუხლი 9. პირის მიერ მიღებული არაფორმალური განათლების აღიარება

1. არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარება გულისხმობს არაფორმალური გზით შეძენილი პროფესიული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების შემოწმებას.
2. არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების დროს ხდება პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების შემოწმება.
3. არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების მსურველი პირი არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების მაძიებლად (შემდგომში - ,,მაძიებელი“) დაიშვება, თუ იგი აკმაყოფილებს პროფესიული განათლების მიღებისათვის და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვებისათვის საქართველოს კანონმდებლობითა და პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებულ წინაპირობებს.
4. არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება პირის არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების მაძიებლად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში.

მუხლი 10. პირის მიერ მიღებული არაფორმალური განათლების აღიარების წესი და პროცედურა

1. არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების მიზნით პირი მიმართავს უნივერსიტეტს მხოლოდ იმ კვალიფიკაციათა ნაწილში, რომელი კვალიფიკაციის და საფეხურის შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებსაც ახორციელებს უნივერსიტეტი.
2. აღიარების მოთხოვნის შესახებ განაცხადის საფუძველზე, აღიარების მსურველი ხვდება სასწავლო პროცესის მენეჯერს, რომელიც კონსულტაციას უწევს პირს არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების შესახებ;
3. სასწავლო პროცესის მენეჯერი:
ა) უზრუნველყოფს პირის ინფორმირებას არაფორმალური პროფესიული განათლების, მისი აღიარების მიზნებისა და შედეგების შესახებ;
ბ) პირს აწვდის ინფორმაციას არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარებისათვის წარსადგენი დოკუმენტაციის, ასევე დაწესებული საფასურის შესახებ;
გ) უზრუნველყოფს პირის ინფორმირებას მისთვის სასურველი პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ცონდნის, უნარებისა და ღირებულებების ფლობის შესახებ;
დ) ეხმარება პირს თვითშეფასების კითხვარის მეშვეობით განსაზღვროს არაფორმალურად შეძენილი პროფესიული კომპეტენციები და არსებობის შემთხვევაში დაადასტუროს ისინი შესაბამისი დოკუმენტაციით;
ე) პირს განუმარტავს არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების ეტაპებს;
ვ) შუამდომლობს შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარებისათვის პირისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
4. არაფორმალური განათლების აღიარების მიზნით დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს:
ა) აღიარების შესახებ განცხადება;
ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პროფესიული სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად) ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის ასლი, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის გარეშე;
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) პრაქტიკის შედეგად მიღებული ან სხვა კომპეტენციების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში), რომელიც შეიცავს ინფორმაციას პრაქტიკული მუშაობის ვადის, განხორციელებული საქმიანობის ან/და არსებული კომპეტენციების შესახებ (შრომითი ხელშეკრულებები, სამუშაოს აღწერები, ცნობა, სერტიფიკატი და ა.შ.).
5. უნივერსიტეტის რექტორი, წინამდებარე წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისა და არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების მსურველი პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას განმცხადებლის არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების მაძიებლად ცნობისა და არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების კომისიის შექმნის, ან მაძიებლად ცნობაზე უარის თქმის შესახებ, რის თაობაზეც გამოსცემს ბრძანებას.
6. არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების კომისიაში შედიან:
ა) დამსაქმებელთა წარმომადგენელი;
ბ) შესაბამისი დარგის პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლები, რომლებიც არ არიან უნივერსიტეტის თანამშრომლები;
გ) უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის დამხმარე პერსონალის წარმომადგენელი.
7. არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების კომისია, კომისიის ოქმის სახით იღებს გადაწყვეტილებას, სადაც აღინიშნება ის ცოდნა, უნარები და ღირებულებები, რომელთა ფლობაც დადასტურდა განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით და კომპეტენციები, რომლებიც უნდა შემოწმდეს გამოცდის/გამოცდების მეშვეობით.
8. იმ კომპეტენციების შემოწმების მიზნით, რომელთა ფლობაც ვერ დადასტურდა სათანადო დოკუმენტაციით, არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებით იქმნება არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების საგამოცდო კომისია/საგამოცდო კომისიები.
9.პროფესიული განათლების ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი უზრუნველყოფს არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების მაძიებლის ინფორმირებას საგამოცდო კომისიის/საგამოცდო კომისიების შექმნის, გამოცდის/გამოცდების ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ.
10. საგამოცდო კომისია შედგება დარგის სპეციალისტებისაგან და შესაბამისი დარგის დამსაქმებლებისგან. საგამოცდო კომისიის წევრი შესაძლებელია იყოს ასევე კონსულტანტი (ხმის უფლების გარეშე).
11. საგამოცდო კომისია კონკრეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული კომპეტენციების შეფასებას ახორციელებს დადასტურდა - არ დადასტურდა სისტემის შესაბამისად.
12. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების სპეციფიკის გათვალისწინებით, გამოცდა შეიძლება ჩატარდეს როგორც წერილობით (ტესტები, კაზუსი, თეორიული საკითხი და/ან სხვ.), ასევე გასაუბრების ფორმით. მაძიებლის პრაქტიკული კომპეტენციების შემოწმების მიზნით გამოცდა ტარდება უნივერსიტეტის ან/და დამსაქმებლის ბაზაზე. გამოცდის/გამოცდების მეთოდს/მეთოდებს საგამოცდო კომისია განსაზღვრავს კონკრეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების ადეკვატურად.
13. არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების პროცესზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირების დაშვებისთვის საგამოცდო კომისია ახდენს გამოცდის მეთოდების მოდიფიციერებას მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით.
14. გამოცდის შედეგების საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების კომისია. არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების კომისია უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) მაძიებლის არაფორმალური პროფესიული განათლების სრულად აღიარების შესახებ;
ბ) მაძიებლის არაფორმალური პროფესიული განათლების ნაწილობრივ აღიარების შესახებ;
გ) მაძიებლის არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ.
15. თუკი არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას მაძიებლის არაფორმალური პროფესიული განათლების ნაწილობრივ აღიარების შესახებ, კომისია გადაწყვეტილებაში ასევე მიუთითებს, თუ რომელი კომპეტენციების დამატებით დაუფლების შემთხვევაში ექნება მას პროფესიული განათლების შესაბამისი საფეხურის სრული აღიარების მოპოვების შესაძლებლობა. სრული აღიარების მოპოვების შესაძლებლობა გულისხმობს ასევე პირის მიერ დამატებით არაფორმალური პროფესიული განათლების მიღებასა და მის შემდგომ აღიარებას. არაფორმალური განათლების აღიარების შემთხვევაში – მითითებას იმის თაობაზე, პროფესიული განათლების რომელ საფეხურს ან მის ნაწილს შეესაბამება განმცხადებლის კომპეტენციები, ასევე ცალკეული კომპონენტების შეფასებებს.
16. არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, რომელიც გამოიცემა არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების კომისიის ოქმის საფუძველზე, ფორმდება რექტორის ბრძანებით.
17. არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარებასთან დაკავშირებული ბრძანება მოიცავს:
ა) დაწესებულების დასახელებას;
ბ) განმცხადებლის ვინაობას;
გ) გადაწყვეტილების მიღების თარიღსა და ადგილს;
დ) გადაწყვეტილების გასაჩივრების წესსა და ვადას.
18. არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების კომისიის ოქმი წარმოადგენს ბრძანების განუყოფელ ნაწილს.
19. გადაწყვეტილება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებიდან 5 დღეში აისახება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში.

მუხლი 11. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის, გაუქმების შემთხვევაში პროფესიული სტუდენტის შემდგომი განათლებით უზრუნველყოფის მექანიზმები

1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში უნივერსიტეტი სთავაზობს პროფესიულ სტუდენტს ქვემოთ მოცემულ მექანიზმებს შემდგომი განათლებით უზრუნველყოფის მიზნით:
ა) უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები სხვადასხვა საგანმანთლებლო დაწესებულებებთან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში პროფესიულ სტუდენტთა შემდგომი განათლებით უზრუნველყოფის თაობაზე იმავე ან მონათესავე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში;
ბ) უნივერსიტეტი სთავაზობს პროფესიულ სტუდენტს შეცვლილი ან გაუქმებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესაძლებლობით უზრუნველყოფას;
გ) უნივერსიტეტი სთავაზობს პროფესიულ სტუდენტს შემდგომი განათლებით უზრუნველყოფას შეცვლილი ან გაუქმებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის იმ მონათესავე პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამის ფარგლებში, რომელსაც თავად ახორციელებს.
2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხორციელდება პროფესიული სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების აღიარება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მექანიზმების არარსებობის შემთხვევაში ან იმ შემთხვევაში თუ კი პროფესიული სტუდენტი წერილობით უარს განაცხადებს არსებულ მექანიზმებზე, უნივერსიტეტი ახორციელებს შესაბამისი სერთიფიკატის/ცნობის გაცემას აღნიშნული პროფესიული სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების საფუძველზე.

მუხლი 12. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაზე ხუთზე ნაკლები რაოდენობის პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის პირობები

1. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჯგუფი არ გაიხსნება, თუ მასზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობა ხუთზე ნაკლებია.
2. პროფესიულ სტუდენტს, რომელიც ჩაირიცხა იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელზეც ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობა ხუთზე ნაკლებია უფლება აქვს:
ა) სწავლის გაგრძელების მიზნით ისარგებლოს მობილობის უფლებით და გადავიდეს სხვა დაწესებულებაში იმ პროფესიულ სპეციალიზაციაზე, რომელზეც ჩაირიცხა და სწავლობდა იგი მობილობის განხორციელებამდე;
ბ) ისარგებლოს შიდა მობილობის უფლებით მის მიერ ჩაბარებული პროფესიული უნარების ტესტისა და საგნის/საგანთა ჯგუფის შესატყვის სხვა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაზე;
გ) ისარგებლოს შიდა მობილობის უფლებით მის მიერ ჩაბარებული გამოცდის შესატყვის სხვა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაზე;
დ) შეიჩეროს პროფესიული სტუდენტის სტატუსი და შეინარჩუნოს მის მიერ მოპოვებული სამართლებრივი მდგომარეობა.

თავი IV. სასწავლო პროცესის ორგანიზება

მუხლი 13. სასწავლო პროცესის ორგანიზება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

1. სასწავლო პროცესის მენეჯმენტზე პასუხისმგებელია პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი.
2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაზე სასწავლო პროცესის დაწყება/დამთავრება რეგულირდება უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე უნივერსიტეტის რექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ორიენტირებულია პრაქტიკული ცოდნისა და უნარების გამომუშავებაზე და სრულდება შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭებით.
4. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს თეორიულ სწავლებას, სასწავლო ან/და საწარმოო პრაქტიკას.
5. პროგრამა აერთიანებს პროფესიული კვალიფიკაციის მისანიჭებლად საჭირო სასწავლო კურსებს/მოდულებს. პროგრამით განისაზღვრება პროგრამის მიზნები, სწავლის შედეგები, პროფესიული სტუდენტის დატვირთვა კრედიტებში, სწავლების მეთოდები და შეფასების ფორმები;
6. მოდული არის სწავლების დამოუკიდებელი, თანამიმდევრული ბლოკი, რომელიც ორიენტირებულია მისაღწევ სწავლის შედეგებზე. მოდულით განისაზღვრება სასწავლო თემატიკისა და მისაღწევი სწავლის შედეგების ურთიერთკავშირი და პროფესიული სტუდენტის სწავლებასა და შეფასების ორგანიზებასთან დაკავშირებული ინფორმაცია;
7. კრედიტი არის ერთეული, რომელიც გამოხატავს პროფესიული სტუდენტისათვის საჭირო სასწავლო დატვირთვას და რომლის მიღებაც შესაძლებელია სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ. ერთი კრედიტი ასახავს პროფესიული სტუდენტის სასწავლო საქმიანობას 25 ასტრონომიული საათის განმავლობაში.
8. პროფესიული სტუდენტის ყოველდღიური სასწავლო საქმიანობა (დატვირთვა) განისაზღვრება მეცადინეობების განრიგით.
9. სასწავლო კვირაში სწავლება მიმდინარეობს მეცადინეობების განრიგის მიხედვით, რომელსაც ადგენს პროფესიული განათლების ცენტრის სასწავლო პროცესის მენეჯერი.
10. მეცადინეობების განრიგი მოიცავს შემდეგ მონაცემებს:
10.1. საგნის/მოდულის დასახელება;
10.2. პროფესიული განათლების მასწავლებლის სახელი და გვარი;
10.3. მეცადინეობების ჩატარების დრო;
10.4. მეცადინეობების ჩატარების ადგილი.
11. აკადემიური ჯგუფი შედგება არანაკლებ 5 და არაუმეტეს 25 პროფესიული სტუდენტისგან.
12. სწავლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.
13. სადღესასწაულო ან სხვა უქმე დღეების მეცადინეობების განრიგით გათვალისწინებული ლექციების აღდგენა განხორციელდება იმავე ან მომდევნო კვირის შაბათ დღეს.

მუხლი 14. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების (სსმ) და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირების სასწავლო პროცესში ჩართვის წესი

1. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სწავლებისა და სწავლის პროცესში ჩართულობას უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ადაპტირებული სასწავლო გარემოთი, რაც გულისხმობს:
ა) უნივერსიტეტის შენობაში თავისუფლად შეღწევის შესაძლებლობას;
ბ) აუცილებლობის შემთხვევაში დაცვა-უსაფრთხოების მუშაკის/მუშაკების გამოყოფას შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით უნივერსიტეტის მთელ ტერიტორიაზე.
2. საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტისათვის უნივერსიტეტის მიერ მუშავდება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, რომელიც ეფუძნება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას/მოდულს და წარმოადგენს მის მოდიფიკაციას (მისაღწევი სწავლის შედეგების თვისობრივ ან რაოდენობრივ ცვლილებას) და/ან აკომოდაციას (სწავლებისა და შეფასების მიდგომებში ცვლილებას მისაღწევი სწავლის შედეგების ცვლილების გარეშე) და შესაბამისად, აზუსტებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტისთვის საჭირო დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებას. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა გამოიყენება როგორც სახელმძღვანელო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტის საგანმანათლებლო პროცესის განხორციელებისთვის. ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფარგლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტის მიმდინარე შეფასება ხორციელდება ინდივიდუალურად, განსაზღვრულ მისაღწევ სწავლის შედეგებთან მიმართებით, ხოლო საბოლოო შეფასება და კრედიტების მინიჭება - პროფესიულის საგანმანათლებლო პროგრამის/მოდულის მოთხოვნებთან მიმართებით.
3. ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას შეიმუშავებს პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი ან/და ხარისხის მართვის მენეჯერი შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელთან ერთად და დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს.

მუხლი 15. პროფესიულ სტუდენტთა ზღვრული რაოდენობების განსაზღრა პროფესიულ (მოდულურ) საგანმანათლებლო პროგრამაზე.

1. უნივერსიტეტის პროფესიულ სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება A, B და C სასწავლო გარემოში პროფესიულ სტუდენტთა სამუშაო ადგილებისა და ტექნიკური აღჭურვილობის რაოდენობა.
2. A ტიპის სასწავლო გარემო თეორიული მეცადინეობებისა და ჯგუფური მუშაობისათვის არის განკუთვნილი და აღჭურვილია პროფესიული სტუდენტების და პროფესიული განათლების მასწავლებლის მაგიდებითა და სკამებით, დაფით, კომპიუტერით, პრინტერითა და პროექტორით.
3. B ტიპის სასწავლო გარემო კომპიუტერული ლაბორატორიაა და აღჭურვილია კომპიუტერებით, პრინტერით, სასწავლო მერხებითა და სკამებით, პროექტორით.
4. სხვადასხვა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზნებისათვის C ტიპის სასწავლო გარემო აღჭურვილია მოდულებში მითითებული მატერიალური რესურსით - ინვენტარით.
5. დასაშვებია სხავდასხვა პროგრამის მოდულის განხორციელების მიზნებისათვის ერთიდაიმავე სივრცის გამოყენება თუ ის თავსებადია სასწავლო გარემოს და ტექნიკური აღჭურვილობის ნორმატივების თვალსაზრისით, კვირეული დატვირთვის გათვალისწინებით მაქსიმუმ ორცვლიანი მუშაობის რეჟიმში.
6. დასაშვებია სასწავლო გარემოს სხვადასხვა მოდელის (A,B და C სასწავლო გარემო) ერთ სივრცეში განთავსება.
7. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის უმეტესი ნაწილი ითვალისწინებს პრაქტიკის კომპონენტს, რომელიც ხორციელდება პრაქტიკის ობიექტზე, ღია სივრცეში, შესაბამისად A სასწავლო გარემო ერთ ცვლაში სწავლების შემთხვევაში საშუალოდ დატვირთულია 50%-ით, რაც უნივერსიტეტს საშუალებას აძლევს A სასწავლო გარემოში ერთ ცვლაში მიიღოს პროფესიულ სტუდენტთა სამუშაო ადგილების ორმაგი, ხოლო ორ ცვლაში - ოთხმაგი რაოდენობა.
8. B სასწავლო გარემოში პროფესიული სტუდენტი წლიური 60 კრედიტიდან ითვისებს საშუალოდ 3 კრედიტს, შესაბამისად B სასწავლო გარემო ერთ ცვლაში სწავლების შემთხვევაში დატვირთულია საშუალოდ 5%-ით, რაც უნივერსიტეტს საშუალებას აძლევს B სასწავლო გარემოში ერთ ცვლაში მიიღოს პროფესიულ სტუდენტთა სამუშაო ადგილების ოცმაგი, ხოლო ორ ცვლაში - ორმოცმაგი რაოდენობა.
9. პროფესიულ სტუდენტთა ზღვრული რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ რაოდენობებს შორის უმცირესს.
10. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიულ სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება C სასწავლო გარემოში პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობა ან C სასწავლო გარემოს ფართი.
11. ოც პროფესიულ სტუდენტზე უნივერსიტეტს ჰყავს მინიმუმ ერთი პროფესიული განათლების მასწავლებელი.
12. პროფესიულ სტუდენტთა ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს ავტორიზაციის საბჭო ავტორიზაცის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უნივერსიტეტის მიერ ცენტრში წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადში მითითებული ადგილების რაოდენობის მიხედვით.

თავი V. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერება,
სტატუსის აღდგენა, სტატუსის შეწყვეტა

მუხლი 16. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერება

1. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლებია:
ა) ავადმყოფობა, თუ დოკუმენტურად დასტურდება სასწავლო პროცესში პროფესიული სტუდენტის მონაწილეობის შეუძლებლობა;
ბ) სამხედრო-სარეზერვო სამსახურში გაწვევა;
გ) სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა;
დ) უცხო ქვეყანაში სასწავლებლად წასვლა;
ე) სხვა საპატიო მიზეზი (მისგან დამოუკიდებელი).
2. პროფესიულმა სტუდენტმა სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ განცხადებით უნდა მიმართოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას (განცხადებას უნდა დაერთოს შესაბამისი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების მაქსიმალური ვადაა 2 წელი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერება ფორმდება უნივერსიტეტის რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 17. პროფესიული სტუდენტის სტატუსის აღდგენა

1. სტუდენტის სტატუსის აღდგენა შესაძლებელია პროფესიული სტუდენტის განცხადების საფუძველზე.
2. პროფესიული სტუდენტის სტატუსის აღდგენა შესაძლებელია იმავე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, თუ უნივერსიტეტი განახორციელებს მიღებას შემდეგ ნაკადზე.
3. პროფესიული სტუდენტის სტატუსის აღდგენის შემთხვევაში პროფესიულ სტუდენტს ჩაეთვლება სტატუსის შეჩერებამდე ათვისებული კრედიტები.
4. პროფესიული სტუდენტის სტატუსის აღდგენის შესახებ გამოიცემა რექტორის ბრძანება და მონაცემები აისახება საგანმანთლებლო დაწესებულებების რეესტრში რექტორის ბრძანებიდან 5 დღეში.
5. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერება და აღდგენა შესაძლებელია იმავე ან მონათესავე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მხოლოდ ერთხელ.
6. იმ შემთხვევაში, თუ ის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზედაც ირიცხებოდა პროფესიული სტუდენტი მისთვის სტატუსის აღდგენის მომენტისათვის გაუქმებულია, ან შეცვლილია პროფესიული სტუდენტი უფლებამოსილია სწავლა გააგრძელოს სხვა საგანმანათლებლო პროგრამით ან მობილობით გადავიდეს სხვა დაწესებულებაში, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და უნივერსიტეტის შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

მუხლი 18. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა

1. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია:
ა) პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერებისათვის დადგენილი ვადის გასვლა (თუ არ განხორციელდა მისი, როგორც პროფესიული სტუდენტის სტატუსის აღდგენა);
ბ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება;
გ) სწავლის ნებაყოფლობით შეწყვეტის შესახებ პროფესიული სტუდენტის პირადი განცხადება;
დ) სასწავლო პერიოდში პროფესიული სტუდენტის აკადემიური ჩამორჩენილობა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შეუძლებლობა);
ე) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (რომელზეც სწავლობს პროფესიული სტუდენტი) საერთო მოცულობის საკონტაქტო საათების 60%-ზე მეტი გაცდენა არასაპატიო მიზეზით;
ვ) ფინანსური დავალიანება;
ზ) ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა.
2. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის სამსახურებრივი ბარათის ან პროფესიული სტუდენტის განცხადების საფუძველზე იღებს უნივერსიტეტის რექტორი მის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტები არ ვრცელდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიულ სტუდენტებზე.

თავი VI. პროფესიული სტუდენტების უფლება-მოვალეობები

მუხლი 19. პროფესიული სტუდენტის უფლება-მოვალეობები

1. პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს:
ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;
ბ) ისარგებლოს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით;
გ) მოითხოვოს ცოდნის სამართლიანი შეფასება;
დ) გამოთქვას საკუთარი აზრი და მოითხოვოს მისი პატივისცემა;
ე) მიიღოს კვალიფიციური კონსულტაცია უფლებამოსილი პირისაგან სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ ნებისმიერი საკითხის შესახებ;
ვ) უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული არამართლზომიერი ქმედება გაასაჩივროს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. პროფესიული სტუდენტი ვალდებულია:
ა) დაემორჩილოს წინამდებარე წესით დადგენილ მოთხოვნებს და პროფესიული განათლების მასწავლებლის ან სასწავლო პროცესის სხვა უფლებამოსილი პირის შესაბამის მითითებებს;
ბ) მზრუნველობით მოეპყროს და გაუფრთხილდეს უნივერსიტეტის ქონებას;
გ) პატივი სცეს სხვა სტუდენტის ღირსებას, არ დაუშვას მისი დაჩაგვრა ან რაიმე ქმედების იძულება;
დ) დაიცვას და პერიოდულად ეცნობოდეს სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ უნივერსიტეტის რექტორის სამართლებრივ აქტებს;
ე) დროულად აცნობოს უნივერსიტეტს მისამართის ან სხვა პირადი მონაცემის ცვლილების შესახებ;
ვ) გაცდენის საპატიო საფუძვლის არსებობისას, წერილობით ან ელექტრონული ფოსტის (შემდეგ მისამართზე: contact@gu.edu.ge) საშუალებით დაუყოვნებლივ აცნობოს უნივერსიტეტს და გამოცხადებისთანავე წარმოადგინოს გაცდენის საპატიო საფუძვლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
3. პროფესიულ სტუდენტს ეკრძალება:
ა) ლექციის მიმდინარეობისას არასაპატიო მიზეზით აუდიტორიის დატოვება;
ბ) ალკოჰოლური სასმელებისა და საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული ნივთების უნივერსიტეტის ტერიტორიაზე შეტანა და რაიმე ფორმით გამოყენება;
გ) უნივერსიტეტის ინფორმაციულ სივრცეში ყველა ტიპის კომპიუტერული თამაშები, არასანქცირებული ჩართვების განხორციელება, პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, რომელიც არ არის შეთანხმებული უნივერსიტეტთან, სალექციო პერიოდში საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება;
დ) უნივერსიტეტის შენობაში თამბაქოს მოწევა;
ე) უნივერსიტეტში არაფხიზელ მდგომარეობაში ან რაიმე ნარკოტიკული ნივთირების ზემოქმდების ქვეშ გამოცხადება.
4. პროფესიული სტუდენტის მიერ უნივერსიტეტისათვის მიყენებული ზიანის გამო (რომლის ბრალითაც გამოწვეულია ზარალი) მატერიალური პასუხისმგებლობა პირდაპირი ნამდვილი ზიანის ოდენობით ეკისრება მას, ხოლო არასრულწლოვანი პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში - მის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს.

მუხლი 20. პროფესიული სტუდენტის მიერ ეთიკური და ზნეობრივი ნორმების დაცვის ვალდებულება

1. პროფესიული სტუდენტი ვალდებულია პატივი სცეს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებს, პატივსა და ღირსებას.
2. პროფესიული სტუდენტი ვალდებულია იზრუნოს უნივერსიტეტის პრესტიჟის დაცვაზე და საქმიანობის გაუმჯობესებაზე, რაც გამოიხატება თანამშრომლებისა და დაინტერესებული პირებისადმი ყურადღებიან დამოკიდებულებაში.
3. პროფესიული სტუდენტი ვალდებულია უნივერსიტეტსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიცვას სისუფთავე.
4. დაუშვებელია უნივერსიტეტის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელის ჩადენა.

მუხლი 21. პროფესიული სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნა

1. პროფესიული სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნა უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული და შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ წესითა და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
2. პროფესიული სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნის წარმოება არ უნდა ზღუდავდეს პროფესიული სტუდენტის უფლებას მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, გარდა ისეთი შემთხვევებისა თუ ეს საფრთხეს უქმნის სხვისი უფლებების, ჯანმრთელობის, უნივერსიტეტის საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვას. პროფესიული სტუდენტის დისციპლინური დევნის საკითხს წყვეტს სპეციალური კომისია, რომელიც რექტორის ბრძანებით იქმნება. პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს დაესწროს საკუთარი საქმის განხილვას.
3. პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს გაასაჩივროს მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება.
4. დისციპლინური პასუხისმგებლობა გამოიყენება უნივერსიტეტის პროფესიული სტუდენტების მიმართ მათ მიერ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში.
5. პროფესიული სტუდენტის მიმართ გამოიყენება შემდეგი სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები:
ა) გაფრთხილება;
ბ) მატერიალური ზიანის ანაზღაურება;
გ) პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა.

თავი VII. შეფასების სისტემა

მუხლი 22. პროფესიული სტუდენტის სწავლის შედეგების შეფასების სისტემა

22.1. პროფესიული სტუდენტის სწავლის შედეგების შეფასების სისტემა პროფესიულ (საგნობრივ) საგანმანათლებლო პროგრამებზე.
1. კრედიტის მიღება შესაძლებელია მხოლოდ სილაბუსით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, რაც გამოიხატება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასებით.
2. შეფასების სისტემა უშვებს:
ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:
ა.ა) (A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;
ა.ბ) (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90%;
ა.გ) (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80%;
ა.დ) (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70%;
ა.ე) (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51 –60%;
ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:
ბ.ა) (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომ პროფესიულ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;
ბ.ბ) (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ პროფესიული სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.
3. სასწავლო კურსის მაქსიმალური შეფასება 100 ქულის ტოლია.
4. დაუშვებელია პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების ერთჯერადად – მხოლოდ დასკვნითი გამოცდის საფუძველზე შეფასება. შეფასება უნდა ითვალისწინებდეს:
ა) შუალედურ შეფასებას;
ბ) დასკვნითი გამოცდის შეფასებას.
5. პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს, გავიდეს დამატებით გამოცდაზე დასკვნით გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, არანაკლებ 10 დღეში.
22.2. პროფესიული სტუდენტის სწავლის შედეგების შეფასების სისტემა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შემუშავებულ პროფესიულ (მოდულურ) საგანმანათლებლო პროგრამებზე.
1. პროფესიული სტუდენტის მიღწევების შეფასება არსებობს განმავითარებელი და განმსაზღვრელი.
2. განმავითარებელი შეფასება სწავლის პროცესის შეფასებაა, რომელიც აკონტროლებს პროფესიული სტუდენტის განვითარების დინამიკას და მისი მიზანია პროფესიული სტუდენტის დახმარება უკუკავშირის მიწოდების გზით. განმავითარებელი შეფასება საკონტაქტო საათის აქტივობათა განუყოფელი ნაწილია და ის პროფესიული მასწავლებლის გადაწყვეტილებით შესაძლოა განხორციელდეს როგორც ქულების, ასევე ჩათვლის პრინციპების გამოყენებით.
3. განმსაზღვრელი შეფასება ემსახურება მიღწეული სწავლის შედეგის ან შედეგების ერთობლიობის საბოლოო შეფასებას მოდულით განსაზღვრული შესრულების კრიტერიუმების შესაბამისად. ის ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე დაფუძნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე დაფუძნებული) სისტემის გამოყენებას და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას:
ა) სწავლის შედეგი დადასტურდა;
ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა.
4. უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს მოითხოვოს სწავლის შედეგის დადასტურება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე ან იმ მოდულის დაწყებამდე, რომლის წინაპირობაც არის მოდული, რომლის შედეგიც ვერ დადასტურდა. პროფესიულ სტუდენტს ზემოაღნიშნული უფლების რეალიზების საშუალება ერთი სწავლის შედეგის ფარგლებში ეძლევა მხოლოდ ორჯერ.
5. ერთი სწავლის შედეგის ფარგლებში სწავლის შედეგის ორჯერ ვერ დადასტურების შემთხვევაში, პროფესიულ სტუდენტს უფლება ეძლევა განმეორებით გაიაროს მოდული, რისთვისაც ვალდებულია გადაიხადოს ზემოაღნიშნული მოდულის განმეორებით გავლის საფასური, რომელიც განისაზღვრება პროფესიული სტუდენტისათვის მისანიჭებელი კრედიტების რაოდენობის შესაბამისად, ხოლო ერთი კრედიტის ღირებულება კი განისაზღვრება წინამდებარე წესის მიხედვით.
6. პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს შეფასების შედეგის გაცნობიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში აპელაციის წესით ერთჯერადად გაასაჩივროს აღნიშნული შეფასება რექტორის სახელზე წარდგენილი პირადი განცხადების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში რექტორის ბრძანების საფუძველზე იქმნება საკითხის შემსწავლელი დროებით კომისია (კომისიის შემადგენლობაში შედიან: პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი; სასწავლო პროცესის მენეჯერი; ხარისხის მართვის მენეჯერი; პროგრამის ხელმძღვანელი და შესაბამისი მოდულის პროფესიული განათლების მასწავლებელი) და განისაზღვრება საკითხის განხილვის ვადა. კომისია პროფესიული სტუდენტის განცხადების სრულყოფილად და სამართლიანად განხილვის მიზნით გადახედავს და აფასებს შესრულების მტკიცებულებას ან თავიდან ახორციელებს პროფესიული სტუდენტის განმსაზღვრელ შეფასებას, რომლის შედეგების საფუძელზე ოქმის სახით აფორმებს პასუხს პროფესიული სტუდენტის განცხადებაზე. აღნიშნული პასუხი პროფესიულ სტუდენტს უნდა ეცნობოს დაუყონებლივ.
7. კალენდარულ გეგმასა და შეფასების ინსტრუმენტს შეიმუშავებს პროფესიული განათლების მასწავლებელი და მოდულის დაწყებამდე 15 სამუშაო დღით ადრე წარუდგენს ხარისხის მართვის მენეჯერს და სასწავლო პროცესის მენეჯერს, რომლებიც განიხილავენ და ვერიფიკაციის შემთხვევაში ადასტურებენ მათ. პროფესიული განათლების მასწავლებელი უფლებამოსილია თავად გადაწყვიტოს თუ რომელ კრიტერიუმს გამოიყენებს შეფასების ინსტრუმენტის შემუშავებისას.
8. შესრულების მტკიცებულება წარმოადგენს შესაფასებელი პირის მიერ სწავლის შედეგის მიღწევის მატერიალური ან ციფრული სახით დადასტურებას. ყველა სწავლის შედეგი დადასტურებული უნდა იქნას შესაბამისი მტკიცებულებით.
9. შესრულების მტკიცებულებების შეგროვებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება პროფესიული განათლების მასწავლებელს, რომელიც აღნიშნულ მტკიცებულებებს ათავსებს პროფესიული სტუდენტის პორტფოლიოში, ხოლო მოდულის დასრულების შემდეგ გადასცემს სასწავლო პროცესის მენეჯერს.
10. შესრულების მტკიცებულებები ინახება კვალიფიკაციის მინიჭებიდან 1 წლის ვადით, რის შემდეგაც ხორციელდება მათი განადგურება დაწესებულების საქმისწარმოების ერთიანი წესებით გათვალიწინებული პროცედური შესაბამისად.
11. იმ შესაფასებელ პირთა შესრულების მტკიცებულებები, რომელთაც არ მიენიჭათ კვალიფიკაცია, ინახება პროგრამის დასრულებიდან 2 წლის ვადით.
12. შესრულების მტკიცებულებები მოიცავს შესაფასებელი პირის იდენტიფიცირების საშუალებას.
13. სწავლის შედეგი დადასტურებულად ითვლება, თუ შესაფასებელი პირი დადებითად შეფასდა შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.
14. კონკრეტული მოდულის ფარგლებში შესაძლებელია რამდენიმე სწავლის შედეგის ერთდროულად დადასტურება.
15. პროფესიული სტუდენტის მიერ დადასტურებული სწავლის შედეგი ფორმდება პროფესიული სტუდენტის შეფასების უწყისით.
16. პროფესიული სტუდენტი, რომელიც სრულად ვერ ითვისებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ყველა მოდულს და წყვეტს სწავლას, უფლებამოსილია მოითხოვოს სერთიფიკატი განვლილი მოდულების/სწავლის შედეგების შესახებ.

თავი VIII. პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭება და პროფესიული დიპლომის გაცემა

მუხლი 23. კვალიფიკაციის მინიჭება

1. პროფესიული (საგნობრივი) საგანმანათლებლო პროგრამის დასასრულს, პროფესიულ სტუდენტს (პროგრამით გათვალისწინებულ თითოეულ საგანში რეიტინგის 51% და მეტი შეფასების დაგროვების შემთხვევაში) ენიჭება შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაცია.
2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული (მოდულური) საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტმა პროფესიული კვალიფიკაციის მოსაპოვებლად უნდა დააგროვოს ყველა ზოგადი და პროფესიული სავალდებულო მოდულით გათვალისწინებული კრედიტი, ასევე არჩევითი პროფესიული მოდულებიდან პროგრამით განსაზღვრული კრედიტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდნტის მიერ სასწავლო პროგრამის ათვისების შემდეგ მისი კვალიფიკაციის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა ხორციელდება პროფესიული განათლლების ცენტრის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძვლზე გამოცემული რექტორის ბრძანებით.
4. პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭება აისახება საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში.

მუხლი 24. პროფესიული დიპლომი

1. რექტორის ბრძანების საფუძველზე მზადება და გაიცემა შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი პროფესიული დიპლომი, რომელსაც ხელს აწერს რექტორი და მოწმდება უნივერსიტეტის ბეჭდით.
2. პირს, რომელმაც არ ან ვერ დაასრულა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კონკრეტული საფეხური შეიძლება მიეცეს რექტორის მიერ ხელმოწერილი და უნივერსიტეტის ბეჭდით დამოწმებული სათანადო მოწმობა.
3. კურსდამთავრებულზე, პროფესიულ დიპლომთან ერთად, დიპლომზე დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, გაიცემა დიპლომის დანართი. დიპლომის დანართს დამოუკიდებლად არ გააჩნია რაიმე სამართლებრივი ძალა.
4. უნივერსიტეტის სასერტიფიკატო პროგრამების (პროფესიული მომზადების პროგრამა/პროფესიული გადამზადების პროგრამა) კურსდამთავრებულთათვის გაიცემა შესაბამისი კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

თავი IX. პროფესიული განათლების მასწავლებლები

მუხლი 25. პროფესიული განათლების მასწავლებელი

1. სასწავლო საქმიანობის სრულყოფილად წარმართვისათვის უნივერსიტეტს ყავს სასწავლო მიზნებიდან გამომდინარე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე შერჩეული შესაბამისი ოდენობის პროფესიული განათლების მასწავლებლები.
2. პროფესიული მასწავლებელი შეიძლება იყოს უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების IV ან V საფეხურის კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
3. შესაბამისი პროფესიული სტანდარტით შეიძლება დადგინდეს დამატებითი მოთხოვნები.
4. პროფესიული განათლების მასწავლებელს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე, კანონმდებლბით დადგენილი წესით.
5. პროფესიული განათლების მასწავლებლის სამსახურში მიღება შეიძლება განხორციელდეს, ასევე, კონკურსის წესით. კონკურსის ჩატარების წესს და პირობებს განსაზღვრავს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.

მუხლი 26. პროფესიული განათლების მასწავლებელის უფლებები და მოვალეობები

1. პროფესიული განათლების მასწავლებლმა აუცილებელია სათანადოდ დაიცვას:
ა) უნივერსიტეტის შინაგანაწესი;
ბ) მასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების პირობები;
გ) ეთიკის კოდექსი და დისციპლინარული პასუხისმგებლობის ნორმები;
დ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.
2. პროფესიული განათლების მასწავლებელი ვალდებულია:
ა) საკუთარი ინიციატივით შრომითი ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, გააგრძელოს მუშაობა უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულ დრომდე ან დაწყებული სასწავლო პროგრამის დასრულებამდე;
ბ) მეცადინეობების პერიოდში გააკონტროლოს და ზედამხედველობა გაუწიოს პროფესიული სტუდენტის ქმედებებს და ნებისმიერი უწესრიგობის შემთხვევაში ოპერატიულად აცნობოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას;
გ) მიიღოს ყველა გონივრული და სამართლებრივი ზომა, რათა სასწავლო პროცესზე/მეცადინეობაზე ადმინსიტრაციის ნებართვის გარეშე არ დაუშვას სხვა არაუფლებამოსილი პირი;
დ) მეცადინეობების დაწყებამდე დააფიქსიროს ხელმოწერა საათობრივი აღრიცხვის ტაბელის ყოველდღიურ ჟურნალში;
ე) არ დაუშვას უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის პოლიტიზირება;
ვ) უნივერსიტეტის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით, პროფესიული ხარისხის მართვის მენეჯერთან შეთანხმებით, აწარმოოს სახელმძღვანელოებისა და სასწავლო მასალის გამოყენება;
ზ) აწარმოოს პროფესიულ სტუდენტთა დასწრება/მოსწრების ჟურნალი;
თ) მიიღოს ყველა გონივრული ზომა პროფესიული სტუდენტის ცოდნისა და მიღწევების სამართლიანი შეფასების უზრუნველსაყოფად იმის გათვალისწინებით, რომ დაუშვებელია პროფესიული სტუდენტის აკადემიური შეფასება განპირობებული იყოს მისი დისციპლინით;
ი) მზრუნველობით მოეპყროს უნივერსიტეტის ქონებას და მიიღოს ზომები ზიანის თავიდან ასაცილებლად;
კ) არ დაუშვას ლექციის გაცდენა/ჩაშლა;
ლ) უნივერსიტეტზე მიყენებული ზიანის შემთხვევაში აანაზღაუროს მიყენებული ზიანი;
მ) საკუთარი ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში, შეწყვეტამდე არაუგვიანეს 30 დღისა წერილობითი ფორმით აცნობოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას.
3. პროფესიული განათლების მასწავლებელს უფლება აქვს:
ა) მოთხოვოს დამსაქმებელს მუშაობისათვის აუცილებელი და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემო;
ბ) დროულად მიიღოს შრომითი ხელშეკრულებით დადგენილი შესაბამისი შრომითი ანაზღაურება.
თავი VIII. სასწავლო პროცესის ფარგლებში შექმნილი პროდუქტის შენახვისა და განკარგვის, ასევე სასწავლო პროცესის ფარგლებში წარმოშობილი ნარჩენების უტილიზაციის წესი

მუხლი 27. სასწავლო პროცესის ფარგლებში შექმნილი პროდუქტის შენახვისა და განკარგვის წესი

1. სასწავლო პროცესის ფარგლებში შექმნილი პროდუქტი წარმოადგენს შეფასების მტკიცებულებას და უნდა ინახებოდეს ამ მუხლით დადგენილი წესით.
2. პროდუქტი, რომელიც არსებობს დოკუმენტაციის სახით (ტესტები, პროექტები, მასწავლებლის დაკვირვების ფორმები და სხვა) ინახება, კვალიფიკაციის მინიჭებიდან ერთი წლის განმავლობაში, რის შემდეგაც ნადგურდება უნივერსიტეტის საქმისწარმოების ინსტრუქციით ან გადაეცემა ბიბლიოთეკას საგანმანათლებლო მიზნებისათვის.
3. პროდუქტი, რომელიც წარმოდგენილია ელექტრონული სახით უნდა ჩაიწეროს ინფორმაციის ციფრულ მატარებელზე და ინახება კვალიფიკაციის მინიჭებიდან ერთი წლის განმავლობაში, რის შემდეგაც ნადგურდება დადგენილი წესით ან გადაეცემა ბიბლიოთეკას საგანმანათლებლო მიზნებისათვის.
4. პროდუქტი, რომელიც განთავსებულია გლობალურ ქსელში (ინტერნეტი), ელექტრონული მისამართები იწერება რეესტრში და რეესტრი ინახება კვალიფიკაციის მინიჭებიდან ერთი წლის განმავლობაში, რის შემდეგაც შესაძლებელია წაიშალოს.
5. პროდუქტი, რომელიც წარმოადგენს მატერიალური სახის შემოქმედებით ნაშრომს (ნახატი, მაკეტი და სხვა) ინახება კვალიფიკაციის მინიჭებიდან ერთი წლის განმავლობაში. შესაძლოა შენახვის პერიოდში გამოყენებულ იქნას საგანმანათლებლო მიზნებისათვის, რის შემდეგაც შესაძლოა მისი განკარგვა კანონმდებლობით დადგენილი წესით ან აღნიშნული პროდუქტი რჩება უნივერსიტეტში საგანმანათლებლო მიზნებისათვის.
6. პროდუქტი, რომელიც წარმოადგენს მალფუჭებად საქონელს, უნდა დაფიქსირდეს ფოტო ან ვიდეო გამოსახულების სახით, რაც ინახება კვალიფიკაციის მინიჭებიდან ერთი წლის განმავლობაში. შესაძლოა პროდუქტის განადგურება კანონმდებლობით დადგენილი წესით ან ხდება სხვაგვარად განკარგვა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული პროდუქტის სხვაგვარად განკარგვა გარდა განადგურებისა, შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის აკმაყოფილებს ქვეყანაში დადგენილ სანიტარულ-ჰიგიენურ და უსაფრთხოების ნორმებს.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული პირობების კონტროლი და შესაძლო შედეგებზე პასუხისმგებლობა ეკისრება უნივერსიტეტის ადმინისტრაციას.
9. სასწავლო პროცესში შექმნილი პროდუქტის შენახვისას შესაძლებელი უნდა იყოს მისი ავტორ(ებ)ის/შემქნელ(ებ)ის იდენტიფიკაცია.

მუხლი 28. სასწავლო პროცესის ფარგლებში წარმოშობილი ნარჩენების უტილიზაცია

1. სასწავლო პროცესში წარმოშობილი ნარჩენების უტილიზაცია უნდა განხორციელდეს სახელმწიფო ორგანოების მიერ დადგენილი ნარჩენების უტილიზაციის წესების დაცვით, ასეთის არსებობის შემთხვევაში. სხვა შემთხვევაში უტილიზაცია უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ ზიანი არ მიადგეს გარემოს და გარშემო მყოფ პირებს.
2. ნარჩენების შეგროვებაზე და უტილიზაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამისი მოდულის განმახორციელებელს.
3. უტილიზაცია უნდა განხორციელდეს შესაბამისი პროფესიული სტუნდენტების მონაწილეობით, როგორც საგანმანათლებლო პროცესის ნაწილი.
4. განხორციელებული უტილიზაციის პროცედურის შესახებ ინფორმაცია უნდა აისახოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციისადმი წარდგენილ სამსახურეობრივ ბარათში/ანგარიშში.

თავი IX. დასკვნითი დებულებანი

მუხლი 29. წესის დამტკიცება

1. წინამდებარე წესს დადგენილებით ამტკიცებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.
2. უნივერსიტეტის წესში ცვლილების შეტანა ფორმდება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილებით.
მუხლი 30. სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის ძალაში შესვლა
წესი ძალაში შედის კანონით დადგენილი წესით მისი უნივერსიტეტში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას ღიად განთავსებიდან მომდევნო სამუშაო დღეს.