
გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის, ბატონ ღასან ხალილის მისიის დასრულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება
03 მაისი,2023მიმდინარე წლის 3 მაისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის, ბატონ ღასან ხალილის მისიის დასრულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
შეხვედრა გახსნა და მოწვეულ სტუმრებს მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, რომელმაც ვრცლად ისაუბრა გაეროს ბავშვთა ფონდის მისიაზე, მიზნებსა და მიღწევებზე. მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ბატონ ღასან ხალილის ღვაწლზე, რომელიც 4 წლის განმავლობაში წარმატებით ედგა გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობას სათავეში და არაერთი საინტერესო პროექტი განახორციელა.
შეხვედრის მიმდინარეობისას საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა, ბატონმა ზურაბ ზურაბაშვილმა გააკეთა პრეზენტაცია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გაეროს ბავშვთა ფონდის თანამშრომლობასთან დაკავშირებით.
ამავე შეხვედრაზე, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება - ბატონ ღასან ხალილს უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიენიჭა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.
ბატონ ღასან ხალილს მადლობა გადაუხადეს და გორის უნივერსიტეტში განხორციელებულ პროექტებზე მოკლედ ისაუბრეს უნივერსიტეტის პროფესორმა ნელი ჭამპურიძემ და მოწვეულმა სპეციალისტმა არინა თავაქარაშვილმა.
შეხვედრის დასასრულს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა და ბატონმა ღასან ხალილმა სერტიფიკატები და საჩუქრები გადასცეს ერთ-ერთი ტრენინგ-მოდულის მონაწილე ახალგაზრდებს.
გაეროს ბავშთა ფონდის მხარადჭერით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021 წელს დაფუძნდა ბავშვთა უფლებების ცოდნის ცენტრი, სადაც ხორციელდება ტრენინგ-მოდულები შიდა ქართლის რეგიონის საჯარო სკოლების მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის, რომელსაც გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და მოწვეული პერსონალი უძღვება.
აღსანიშნავია, რომ ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრი ასევე დაარსდა ქვეყნის სხვა რეგიონებში, სადაც იმართება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები – ტრენინგები, საჯარო ლექციები და დისკუსიები, ასევე, მუშავდება სპეციალური საგანმანათლებლო მასალები ბავშვთა უფლებების შესახებ.