მესამე საერთაშორისო კონფერენცია წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში
11 აპრილი,2014საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ორგანიზებით, მესამე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. დოქტორმა გიორგი სოსიაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სხვა წარმომადგენლებმა მიიღეს.
ორდღიანი კონფერენციის თემაა „ქართული სალიტერატურო ენის სწავლება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეთათვის: შედეგები, პრობლემები, პერსპექტივები“, რომელიც ეძღვნება ლაზარეს შაბათს - ქართული ენის დღეს და 14 აპრილს (ქართული სახელმწიფო ენის დღე).
კონფერენციის მიზანია უცხოელებისა და საქართველოს ეთნიკური უმცირესობების, ასევე, საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები პირებისათვის ქართული ენის სწავლების გამოცდილების გაზიარება. სწავლების პროცესში შექმნილი სირთულეების დაძლევის გზების ძიება, ქართულ ენის სწავლებისას თანამედროვე ტექნოლოგიების როლის განსაზღვრა და ქართული ენის შემსწავლელ სტუდენტთა/მსმენელთა თვალსაზრისების მოსმენა-განხილვა.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები საქართველოს, რუსეთის, საფრანგეთის, ირანისა და თურქეთის უნივერსიტეტებიდან.

