მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე

11 თებერვალი,2026

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. 11 თებერვალს მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე, გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის თანახმად, 2015 წლიდან აღინიშნება. მისი მიზანია მეცნიერებით დაინტერესებულ ქალთა ხელშეწყობა და მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სისტემაში მათი მზარდი როლის მხარდაჭერა.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, რომელმაც თავის გამოსვლაში ისაუბრა მეცნიერებაში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე, განათლებისა და კვლევის სფეროში მათი წვლილის განსაკუთრებულ როლზე და აღნიშნა, რომ თანამედროვე უნივერსიტეტი ვერ იქნება წარმატებული ქალ მეცნიერთა აქტიური მონაწილეობის, პროფესიონალიზმისა და ლიდერული უნარების გარეშე. რექტორმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის მხარს უჭერს აკადემიურ სივრცეში თანასწორ შესაძლებლობებს და ამაყობს იმ ქალ მეცნიერთა მიღწევებით, რომლებიც წლების განმავლობაში ქმნიდნენ და დღესაც ქმნიან უნივერსიტეტის სამეცნიერო ავტორიტეტს.

ღონისძიებას ასევე მიესალმა რექტორის მოადგილე ზურაბ ზურაბაშვილი და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ციური დურული.

დამსწრე საზოგადოების წინაშე საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ:

სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი თამილა კოშორიძე - მოხსენება თემაზე „გამოჩენილი ქალი მეცნიერები გორიდან“;

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული სპეციალისტი, კოლეჯ „განთიადის“ ხელმძღვანელი ანა დათუაშვილი - მოხსენება თემაზე „ქალი მეცნიერები გორის უნივერსიტეტის სათავეებთან“;

რექტორის მოადგილე, ბატონი ზურაბ ზურაბაშვილი - მოხსენება თემაზე „გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქალი მეცნიერები და დღევანდელობა“.

ღონისძიების ფარგლებში, აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის რექტორმა სამი წარმატებული მეცნიერი ქალი დააჯილდოვა. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო მედლები გადაეცათ:

სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ თეა ხორგუაშვილს;

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, ასოცირებულ პროფესორ ქეთევან ბარბაქაძეს;

განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, ასოცირებულ პროფესორ ლელა ალექსიძეს.

დასასრულს მოეწყო გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერ ქალთა ნაშრომების გამოფენა, რომელმაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა უნივერსიტეტში მოღვაწე ქალ მეცნიერთა მნიშვნელოვანი აკადემიური მიღწევები.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი მადლობას უხდის ღონისძიების ყველა მონაწილეს და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მეცნიერებაში ქალთა როლის მნიშვნელობას.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. 11 თებერვალს მეცნიერ ქალთა და გოგონათა...

11 თებერვალი, 2026 სრულად ნახვა

ვორქშოფი

2026 წლის 13 იანვარს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროექტის „არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა რეგიონებში მცხოვრები...

13 იანვარი, 2026 სრულად ნახვა