შეხვედრა საქართველოში წმინდა საყდრის დესპანთან, მამა ანტე იოზიჩთან
10 სექტემბერი,2026მიმდინარე წლის 10 სექტემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, უნივერსიტეტის პროფესორმა, აკადემიკოსმა გიორგი სოსიაშვილმა და რექტორის მოადგილემ ზურაბ ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართეს საქართველოში წმინდა საყდრის დესპანთან, მამა ანტე იოზიჩთან.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე, რომლებიც საქართველო-ვატიკანის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების კვლევას, ვატიკანის არქივებში დაცული საქართველოსთან დაკავშირებული ისტორიული წყაროების შესწავლასა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-პოპულარიზაციას ემსახურება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თამაზ ბექაიას სახელობის საგანმანათლებლო ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე კვლევით პროექტებსა და ფონდის მიერ დაფინანსებულ სარესტავრაციო სამუშაოებს.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, ახალი ერთობლივი ინიციატივების განხორციელებისა და წმინდა საყდართან არსებული კავშირების შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები. მამა ანტე იოზიჩმა გამოთქვა მზადყოფნა, შესაძლებლობის ფარგლებში ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის სამომავლო ინიციატივებსა და თანამშრომლობის განვითარებას.